ცოტა რამ ავტორის შესახებ

ქემალ თურმანიძის მშობლიური სოფელი მაღალმთიან აჭარაში, ქედის რაიონში მდებარეობს და ნამონასტრევი ჰქვია. მისი მრავალსულიანი ოჯახი ხით - ხუროობით გამოირჩოდა და ეს, პირველ რიგში მამის მოედინის დამსახურებაა.

ხატვითა და სათამაშოების დამზადებით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. მერისის სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის პროფ-ტექნიკურ სასწავლებელში მშენებლობის პროფესიით, თან ფიზიკურად მუშაობდა რათა ოჯახისთვის ზედმეტი ხარჯები აერიდებინა.

ჯარში თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმიდან გაიწვიეს. აქ დაუმეგობრდა მოსე თოიძის სახელობის სასწავლებლის პირველკურსელ არჩილ საყვარელიძეს, ხეზე კვეთილობით სწორედ მისგან დაინტერესდა.

თბილისში ერთად ცხოვრობდნენ, ამზადებდნენ საოჯახო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებს. საუკეთესოები იგზავნებოდა გამოფენებზე, რაც მათ პოპულარიზაციას უწობდა ხელს. თავი რომ ერჩინათ ნაწილს სამხატვრო სალონებში და საკომისიო მაღაზიებში აბარებდნენ.

ადრე ხალხური შემოქმედების მეთოდური ცენტრის, ამჟამად კი ფოლკლორის ეროვნული ცენტრის თანადგომით ოსტატს წარმატების არაერთი ნაბიჯი გადაუდგამს.


გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დამლევს ქედის რაიონის პიონერთა სახლში ჩამოაყალიბა ხის მხატვრული დამუშავების წრე და თხუთმეტამდე ბავშვი აზიარა ამ უძველეს ხელოვნებას.

ქედაში მოღვაწეობის დროს ოცნებობდა მუზეუმი გაეხსნა. 500-ზე მეტი ექსპონატი შეაგროვა, მაგრამ სამწუხაროდ ვერავინ დააინტერესა.

აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა რესტავრატორად მიიწვია, სახელოსნოც გამოუყვეს, რამაც მისი საქმიანობის განვითარებას შეუწყო ხელი. თავისუფალ დროს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მომავალ თაობას ხის მხატვრულ დამუშავებას ასწავლიდა.

კეთილი ადამიანის დახმარებით საშუალება მიეცა, საქმიანობა საკუთარ სახელოსნოში გაეგრძელებინა, რითაც კიდევ უფრო გამდიდრდა მისი ფანტაზია - გაიზარდა შრომის ნაყოფიერება.

დაამზადა საცხოვრებელი, სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობების მაკეტები-შესაბამისი ეზო შემოგარენით, განათებით და მუსიკალური გაფორმებით (მასშტაბი (1:10, 1:100).

ფართის სიმცირის გამო სალონ-სახელოსნო ვერ ახერხებდა მნახველთა დიდი რაოდენობით მიღებას, რამაც განაპირობა შემდგომში სახელონოს მუზეუმად ჩამოყალიბება. მუზეუმი დღეისათვის განთავსებულია 3 000 კვ.მ -ზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, შენობა-ნაგებობებით, გამწვანებითა და სავალი ბილიკებით.

ბოლო პერიოდში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა-ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის უკეთ წარმოჩენის მიზნით 30 დარგისთვის შექმნა სამუშაო სივრცე. მასში განათავსა შესაბამისად ჩაცმული მანეკენები: ასაკის, ხასიათისა და შრომითი საქმიანობის გათვალისწინებით, რითაც დამთვალიერებელს რეგიონის სრულყოფილად გაცნობის პირობები შეუქმნა.

მუზეუმში განთავსებულია ხის მხატვრული დამუშავების გალერეა, სადაც წარმოდგენილია ავტორის მიერ სხვადასხვა პერიოდში დამზადებული 350-მდე ნაკეთობა. ესენია: დეკორატიული პანოები, სასმისები, ავეჯი, თასები, ზარდახშები, სუვენირები და სხვა.

ავტორს შემოქმედებითი საქმიანობის ოთხი ათეული წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ორმოცამდე გამოფენაში, მათ შორის საერთაშორისო, რესპუბლიკურ და საქალაქო მასშტაბით.

სხვადასხვა ჟურნალსა და გაზეთში ქემალ თურმანიძის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნდა 70-მდე პუბლიკაცია. რესპუბლიკურმა და უცხოურმა (თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, გერმანია, კორეა, ) ტელევიზიებმა მოამზადეს 20-მდე სიუჟეტი.



შეხვედრები და მიღწევები
[31 სურათი]